თეგი: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს პასუხობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ არ მოხდა დღემდე 2013 წელს გამოცემული გრიფით საიდუმლო სამართლებრივი აქტების განსაიდუმლოება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუკი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მას შეუძლია, პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობასა და მის ადმინისტრაციას, იმისთვის, რომ ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია, რადგან ამ დოკუმენტებზე წვდომა, სწორედ მთავრობის ადმინისტრაციას აქვს. საუბარია მიხეილ სააკაშვილის ღია წერილზე, რომელშიც სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, გრიფი „საიდუმლო“ მოხსნას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებზე. „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რატომ არ მოხდა დღემდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული გრიფით საიდუმლო სამართლებრივი აქტების განსაიდუმლოება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების რეგისტრაციის, შენახვისა და დაარქივების საქმის წარმოებას ახორციელებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი მის გაუქმებამდე, რომელიც განხორციელდა 2018 წელს. ამის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ უშიშროების საბჭოში დაცული ყველა დოკუმენტი გადაგზავნილ იქნა დაუყოვნებლივ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და შესაბამისი რეგულაციებით 2019 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა შესაბამისი დოკუმენტების კლასიფიკაცია, დაარქივება და მიეღო სხვა შესაბამისი აქტით განსაზღვრული ზომები. უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019-2021 წლებში რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნული საიდუმლო გრიფით განსაზღვრული საიდუმლო აქტები გადმოცემოდა, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მიმართვისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღემდე აღნიშნული დოკუმენტები არ მიუღია. შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას, დღეის მდგომარეობით, იმსჯელოს აღნიშნულ დოკუმენტებსა და მათ განსაიდუმლოებაზე. ასევე უნდა ითქვას, რომ თუკი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მას შეუძლია პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობასა და მის ადმინისტრაციას, იმისთვის, რომ დოკუმენტებთან დაკავშირებით ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია“, - განაცხადა ნათია სულავამ. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, გაუგებარი და მიუღებელია ღია მიმართვაში გაჟღერებული ირიბი თუ პირდაპირი მუქარა პრეზიდენტის მიმართ იმის შესახებ, თუ რაზე შეიძლება მომავალში საქართველოს პრეზიდენტი გასამართლებული იყოს. „ის აკეთებს ინსინუაციას სტუმრების შამპანურით გამასპინძლების თაობაზე და ასევე, შეწყალების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ასეთი ინსინუაციები სრულიად უადგილო და მიუღებელია, ასევე ანაქრონული და უშედეგო, რამეთუ ეკუთვნის იმ წარსულს, რომელთა დაშორებასაც ემსახურება ეროვნული თანხმობის პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ წამოიწყო. პრეზიდენტმა ბევრჯერ განმარტა, რომ ეს პროცესი ემსახურება ისეთი სახელმწიფოს შენებას, სადაც აღარავის ექნება შიშის განცდა და ვერავინ მიაღწევს შედეგად დაშანტაჟების და დისკრედიტაციის საფუძველზე მიაღწიოს საკუთარ პოლიტიკურ შედეგს. და ბოლოს, ძალიან უხერხულად ჟღერს ექსპრეზიდენტისგან, რომელმაც საკუთარ მოქალაქეობაზე და ქვეყანაზე უარი თქვა, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, აპელირება და მინიშნება საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საბოლოოდ დათმო“, - განაცხადა ნათია სულავამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევ ხელახალ ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 3 განაცხადია წარდგენილი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევ ხელახალ ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 3 განაცხადია წარდგენილი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანდიდატთა სიას აქვეყნებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა სიაში არიან: დავით ფეტვიაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური. შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას აუქმებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას აუქმებს. გადაწყვეტილებას ადმინისტრაცია განცხადებაში განმარტავს. „ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას. აღნიშნული ღონისძიებების გამართვის დრო საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

ორბელიანების სასახლეში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა

ერთი ნახატი არის დაზიანებული, ნახევის სახით აქვს დაზიანება, - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნახატებისთვის კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა.  „ერთი ნახატი არის დაზიანებული, ნახევის სახით აქვს დაზიანება, ხოლო ორს აღენიშნება ანაქერცლი. ეს ყველაფერი ითვალისწინებს ამ ნახატების დაბრუნებას სამუზეუმო სივრცეში და რესტავრაციის ჩატარებას. ამ მიზნით ერთხელ უკვე გახლდით მოსულები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მაგრამ გაურკვეველი ახსნა-განმარტებები მივიღეთ და ხელი შეგვეშალა ამ ნახატების იმ დღეს გამოტანაში. დღეს კვლავ გამოვცხადდით და ნახატები უპრობლემოდ გაგვატანეს“, - აღნიშნა გენერალური ინსპექციის უფროსმა კახაბერ ჭუმბაძემ.  

უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ორბელიანების სასახლე უკრაინის დროშის ფერებში განათდა

უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ორბელიანების სასახლე უკრაინის დროშის ფერებში განათდა. პრეზიდენტის Facebook გვერდზე გათავსებული ინფორმაციით, ასევე გამოიფინა ფერმწერ ლევან სონღულაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო - Noli Me Tangere/ „არ შემეხო“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.

ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის პროცესზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობით დაინტერესებულ პირებს განცხადების წარდგენა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 15 მარტამდე შეუძლიათ. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცეელბს.  „მიმდინარეობს ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის პროცესი. კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურებს ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს. პრეზიდენტმა ,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილია შემდეგი მოთხოვნები. დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ, 2023 წლის 15 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (მისამართი: თბილისი, გ. ათონელის ქ. N25, საფოსტო ყუთის მეშვეობით, ან ელ-ფოსტაზე: info@president.gov.ge ) წარმოადგინონ განცხადება შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად (აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომი, ცნობა ნასამართლობის შესახებ)“.  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია 9 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ იუწყება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და 9 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ იუწყება.  მისივე თანახმად, 9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს მასპინძლობს: „რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ“. „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობების გამო, აქვე განვმარტავთ, რომ ისევე როგორც სხვა, დანარჩენი ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყლიბებას“, - აცხადებს ადმინისტრაცია.  

9 აპრილის ღონისძიება აპოლიტიკურია, არ ისახავს მიზნად არანაირი მოძრაობის დაფუძნებას - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

 9 აპრილის ღონისძიება აპოლიტიკურია, არ ისახავს მიზნად არანაირი მოძრაობის დაფუძნებას, - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 9 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ღონისძიება, სადაც სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებას. „ხვალ, 9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობების გამო კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ისევე როგორც სხვა ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.  

ცვლილებები, რომლებიც ახლა ხორციელდება, გვაშორებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

ის ცვლილებები, რომლებიც ახლა ხორციელდება, გვაშორებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, რეკომენდაციებისგან, -  ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ის ცვლილებები, რომელიც ახლა ხორციელდება მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ. ეს პირველი მცდელობა არ არის. საინტერესოა, ამ ცვლილების განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს ცვლილება ემსახურება 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რაც პირიქით არის. ეს გვაშორებს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, იმ რეკომენდაციებისგან, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა. არ შეიძლება 1 ნაბიჯი გადადგა წინ და ორი ნაბიჯი უკან, ამით ვინმეს დაუახლოვდე, პირიქით, იქაც ვეღარ იქნები, სადაც იყავი, უკან იქნები. პრეზიდენტი, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, მოგახსენებთ თავის პოზიციას", - აღნიშნავს მსხილაძე. პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ცესკოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკვე მესამედ, მმართველი უმრავლესობა ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა არ წარადგინა მათთვის სასურველი კანდიდატები კონკრეტულ თანამდებობებზე. ადმინისტრაციის განმარტებით, ესენია: ელჩები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები. „სამივე შემთხვევაში პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია გამომდინარეობს სახელმწიფო და არა პირადი ინტერესებიდან. პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით. პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას, მაგრამ პრინციპულად მიაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს. ამდენად, ამ კანონსაც პრეზიდენტი ვეტოს დაადებს“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში. „ქართული ოცნება“ ცესკოს დაკომპლექტების წესს ცვლის  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილმა EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში EBRD-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში EBRD-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, EBRD-ის როლს საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების პროცესში. „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირიში გაწევრიანება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია და ამ ევროპულ არჩევანს საზოგადოებისათვის ალტერნატივა არ გააჩნია“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.  

ადმინისტრაციის განმარტებით, ალექსანდრ კრევო არასდროს იკავებდა პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას, იყო სტაჟიორი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ალექსანდრ კრევო არასდროს იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას, იყო სტაჟიორი და აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციის განცხადებით, „კრევოს არ აქვს არც უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის, თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე.“ „საზოგადოების იმ მცირე ნაწილისთვის, რომელიც მისი საუბრით დაინტერესდა, საჭიროა რამდენიმე ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდება. ის არასდროს იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას. იგი 2018 წლის 24 დეკემბრიდან იყო სტაჟიორი. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება იმ მიდგომის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც უცხოეთში მყოფი ქართული წარმოშობის ახალგაზრდებისთვის სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობების მიცემას ემსახურებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ იმავე პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმდნენ ბევრად უფრო წარმატებული ქართველი სტუდენტები წამყვანი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტებიდან (კოლუმბია, სიანს პო და ვესტ პოინტი). ალექსანდრ კრევო 2019 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულებით. მისი საჯარო მოხელის პოზიციაზე დასაქმება არ მოხდა, რადგან ვერ წარმოადგინა უმაღლესი განათლების დამადასუტერებელი დოკუმენტი. 2023 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ გააგრძელა მასთან შრომითი ხელშეკრულება, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მისი მხრიდან კოვიდრეგულაციების უხეში დარღვევა, რითაც საფრთხე შეუქმნა თანამშრომლების ჯანმრთელობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მას არ აქვს არც უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე. ყველაზე გასაკვირი და ნამდვილად სამწუხაროა, თუ რა სისწრაფით აღიქვა, აითვისა და გაითავისა უცხოეთში გაზრდილმა ახალგაზრდამ საქართველოს პოლიტიკური სივრცის ყველაზე მახინჯი და უღირსი თვისებები,” - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომლითაც ის „ტვპირველის“ ეთერში გასულ ინტერვიუს გამოეხმაურა.  

სუს-ი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე კიბერშეტევა აღკვეთეს

სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთა, რომლის შედეგად, ვებ გვერდზე www.president.ge განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა. სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. „მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. მიმდინარეობს ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები აღნიშნული ვებგვერდის სხვა მოწყვლადობებზე შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. თავად ადმინისტრაციას კომენტარი არ გაუვრცელებია.